вторник, 25 августа 2015 г.

ნოველები

               

                          
                                       ვაზის ტირილი გაგიგიათ...?
                                     მზე
 წყალი ჩადგაო ხეში....
როგორ გაიკვირტა ვერ გაიგე, გამოგრჩა არ შეგიმჩნევია, ნელ-ნელა გაშალა კვირტი, გაიხსნა, გაიფურჩქნა. გაიფურჩქნა და თავბრუ დაგახვია მისი ყვავილის სურნელებამ, მოგახედა და მოიხედე, იგრძენი როგორ უფეთქავდა გული.
მას შემდეგ არ მოცილებულხარ, ყოველდღე გარს უვლიდი, გინდოდა მთლიანად წაგერთვა მისთვის სურნელება და მხოლოდ მაშინ გაეცალე, როცა ძირს დაცვენილმა ყვავილის ფურცელმა, ფეხქვეშ ტირილი და ოხვრა დაიწყეს. მერე....მერე გაიპარე და გაყვითლდა დრო....
ერთხელ, ერთ დილას წამით შეჩერდი ნაცნობ ხესთან. არა, არა! ხემ კი არა ნაყოფის სუნმა შემოგიტია....მომხედე, ერთხელ მაინც მიპატრონეო, არც მაშინ გიგრძვნია შენს ფეხქვეშ, ძირს დაცვენილი ფოთლები, არც მაშინ მოხედე მათ ვიშვიშს.
მას შემდეგ დრო მთლიანად გათეთრდა, დაბერდა უღონო. შენც ერთიანად შეგეპარა სიბერე, წელში გაგტეხა ვაჟკაცი.ვიღაცის მადლიანმა ხელმა, წამოგაყენა, ნაყოფი მოგაწოდა დაშაქრული და დატკბილული. შორეულმა და ნაცნობმა სუნმა, ნაყოფის სუნმა რაღაც გაგახსენა, ჩაგაფიქრა; გინდოდა თვალი შეგევლო ხისთვის, გამხმარი და გალახული ძლივსღა რომ სუნთქავდი საწყალი.
ასე იტყვიან ხოლმე ხეზე... ჩვენ გვანანო ხეები.... ნაღვლიანად იმეორებენ ქალწულები, ქალები. იქნებ ხეებსაც ქალწულებივით შეუძლიათ ცრემლვა? იქნებ თებერვალში ცრემლი დეგბა ხოლმე ხეში?
არა, არა... ამბობენ.
წყალი ჩადგაო ხეში....
მაგრამ იმასაც ამბობენ გაზაფხულზე, ხეებზე ძალიან, ვაზი ტირისო ცრემლებით.
ხეებზე ჩემი მონაყოლი ხომ ჩემი მოგონილია, მაგრამ ვაზის ტირილის შესახებ, ხომ ყველამ იცის და უნახავს კიდეც. ყველა ხვდება, რომ ვაზისა და ხეების შემთხვევაში დამნაშავე მზეა.
გაზაფხულზე, მზის მცხუნვარე სხივების ქსელში გამთბარი და თავბრუდახვეული ვაზი, სიხარულის მაგივრად ტირილს იწყებს, მზეს გულში იხუტებს, ახლადამოსული პაწაწა რქებით ღობე-ყორეს ედება, ხის ტოტებს ებღაუჭება და მზისკენ იწევს. საოცრებაა პირდაპირ.
ამასობაში დრო სადღაც იპარება და ყვითლდება. ვაზის მტევნებში ჩარჩენილი მზე კი მარცვლებს მათრობელა წვენით ავსებს. აი, მაშინ დრო ისევ იწყებს მოგზაურობას. მათრობელა წვენი, ზოგს წამლად ედება, ზოგს კი თავგზას უბნევს და .... სდიე მერე მზეს!
უკვე დამაჭრებულს კი  ვეღარც მზე  მოაბრუნებს და ვეღარც სიბერეში გამომშრალი დრო....
დრო ასეთია,  მიდის,  მიდის და ისევ გაზაფხულს აწყდება გზაზე. მერე დრო, მზის ცხელი ფრთებით ვაზს ისევ სახელს გაუტეხს და ვაზიც არ დააყოვნებს ტირილს....
გამაგებინა ნეტავ,  შარშანდელზე დარდობს, თუ წინასწარ განიცდის მომავალ დამაჭრებულ დროს; რომლის თრობა, ზოგს წამლად ედება და ზოგს უდროობაში აგდებს.
რისთვის სჭირდება ეს ყველაფერი მზეს? ალბათ იმიტომ, რომ ვაზის ცრემლებს მოფერებით ვაზის ნაჟური დაარქვას.
გაგიგიათ?....
მე გამიგია ვაზის ნაჟური. ის კი არა და მთაში თოვლი დადნობისას, თოვლის ნაჟურად იქცევა ხოლმე.
ლექსის ნაჟურიც გამიგია. შენს სულში რითმები ფერებად, რომ წვეთავს და  თვალებიდან ჩამომდნარ ცრემლებს ზვარად რომ აქცევს...
ოჰ ეს მაცოცხლებელი მზე.
რას გვერჩის!

თვითონაც ხომ   სიცხისგანაა გადამწვარი.....

Комментариев нет:

Отправить комментарий